თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილით, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 პირი.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანა.
აქტივისტების თქმით, უცნობი მოქალაქე მათთან მივიდა და მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.