საქართველოში საფრანგეთის საელჩო პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ დოვილში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
საელჩოში არ გააჩნიათ არც სარკოზის გამოსვლის სრული ტექსტი, რომელიც ოფიციალურ საიტებსა თუ მედიასაშუალებებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.
„ჩვენ პრეზიდენტ სარკოზის პრესკონფერენციის სრული ტექსტი არ გაგვაჩნია. საერთოდ, საელჩო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს", - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ G-8- G-20 ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესკონფერენციის ინგლისურენოვან სტენოგრამაში, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მოყვანილი სიტყვები ინტერპრეტაციის სასშუალებას იძლევა.
ამის პარალელურად, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და უცხოურ პრესაში კვლავინდებურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს სარკოზის გამოსვლის ფრანგულენოვანი ტექსტი, რომელშიც ის აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის შეთანხმება შეასრულა და საქართველო რუსული ჯარებისგან უკვე თავისუფალია.
"საქართველო მთლიანად თავისუფალია, ტანკები კი თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ. ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა", - სხვადასხვა მედიასაშუალებების მტკიცებით, პრეზიდენტმა სარკოზიმ პრესკონფერენციაზე სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა.