ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რათა ერი შერიგდეს. ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში დაგროვილ დაძაბულობას შესაბამისი პასუხი მოჰყვება, თუ შერიგების პროცესი არ დაიწყება.
"ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი მერე უყურებს ხოლმე და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არაეკლესიის წევრი.... ჩვენ ხომ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ, არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად", - თქვა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა იფიქროს, რომ დაძაბულობა აღარ იყოს.
„რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და გონებით რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ, იმიტომ, რომ წინა წინას ებრძის ყოველთვის. რუსობას რას ვეძახი მე, ერს არ ვეხები, მმართველობის ფორმას ვიძახი. წინა ხელისუფლებამ იმის წინა უნდა მოსპოს, მერე ის, მერე ის და ასევე ხდება ყველგან. ყველას მოვუწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვროთ და დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცეები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე? ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.