უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პირველად, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შიმშილობენ, მილიარდს აჭარბებს, _ ნათქვამია გაეროს სასურსათო უწყების ანგარიშში. მოშიმშილე ადამიანდა სრაფი ზრდა, ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. თუმცა, ანგარიშის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა წინა წლებშიც იზრდებოდა.
"ღარიბი ადამიანები მთელ შემოსავალს სურსათში იხდიან, ამიტომ, მისი თქმით, უნდა შემცირდეს სურსათის ფასები, რისი ერთადერთი გზაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდაა", _ აცხადებს გაეროს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო უწყების ეკონომისტი დევიდ დეივი, რომელიც სურსათის ფასების ზრდას ბოლო წელიწადში ინვესტიციების ნაკლებობით ხსნის.
"დახმარებამ და ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობის სფეროში 1980-იანი წლებიდან იკლო. 1980 წელს დონორი ქვეყნები ამ სფეროში მთელი გაცემული დახმარების 17 პროცენტს დებდნენ. ახლა ეს რიცხვი 3, 8 პროცენტია", - აღნიშნავს დეივი.
სასურსათო უწყება ვარაუდობს, რომ 2050 წელს მსოფლიოს 9 მილიარდიანი მოსახლეობის გამოსაკვებად სურსათის წარმოების 70 პროცენტით გაზრდა იქნება საჭირო. მაგრამ ჩნდება შეკითხვა: როგორ უნდა მოხერხდეს ეს?
60-იან წლებში სასუქებისა და ქიმიკატების საშუალებით - ასევე ტექნიკის გამოყენებით - სურსათის წარმოების გაზრდას მსოფლიოს მოსახლეობის 3 მილიარდამდე გაზრდა ახლდა და შიმშილი არ ყოფილა. ამ პროცესს მაშინ "მწვანე რევოლუციაც "კი უწოდეს, თუმცა საკვები პროდუქტის ხარისხი გაუარესდა. ამჯერად მსგავს რევოლუციას არ ელიან. ექსპერტებს პესიმისტური პროგნოზები აქვთ: წყლის რესურსები იწურება, ნოყიერი მიწები მთლიანად ათვისებულია, სხვა ნიადაგები სულ უფრო ძნელად გამოსაყენებელი ხდება, კლიმატის შეცვლას კი წვიმები და არასტაბილური ტემპერატურა მოჰყვება.