საფრანგეთში მცხოვრები სომხები იმედგაცრუებულნი არიან სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. სენატმა არ მიიღო კანონი, რომელიც სომხების გენოციდის ფაქტის უარყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობდა. აღნიშნულ სომხური გამოცემა "ნოვოე ვრემია" სტატიას უძღვნის სახელწოდებით - "ნიკოლა სარკოზიმ ფრანგი სომხების იმედი კვლავ გააცრუა".
სტატიის ავტორი, წერს, რომ მართალია ამ საკითხის ასეთი დასასრული მოსალოდნელი იყო, მაგრამ კენჭისყრაზე მის გამოტანას მაინც ჰქონდა აზრი. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ, სომხების საკითხთან საკავშირებით საკუთარი აზრი გამოეთქვათ. ეს ინფორმაცია საფრანგეთის სომხებს ძალიან გამოადგებათ, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ მალე როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს", _ წერს ავტორი.
მისი ინფორმაციით, სხდომაზე დამსწრე სენატორებიდან 196 წინააღმდეგ წავიდა, 74 მომხრე იყო, 20 კი თავი შეიკავა. ცხადია, რომ კანონპროექტის ჩავარდნა საპარლამენტი უმრავლესობის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგი იყო. "მართალია იყო გამონაკლისიც, მაგრამ ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ნიკოლა სარკოზის დაპირებების მიუხედავად, პირდაპირი გავლენა მოახდინა სენატორებზე და მათ კანონპროექტისთვის "არა" ათქმევინა", _ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა სარკოზიმ თავის კაბინეტში მიიღო სომხური სათვისტომოს გამოჩენილი წარმომადგენლები და ისინი დაარწმუნა იმაში, რომ რჩება ნეგოციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მომხრედ.
"აგრძნობინა, რომ შესაბამისი კანონის მიღებას დრულად არ მიიჩნევს და მაინც დადო პირობა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ იქონიებს გავლენას კანონმდებლების განწყობაზე და ყველა სენატორს უფლებას მისცემს თავისი პერსონალური მიდგომა გამოავლინოს აღნიშნული საკითხისადმი", _ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ მათ შორის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტს სთხოვდა, წინ არ აღდგომოდა კანონის მიღებას გენოციდის უგულებელყოფის კრიმინალიზაციის შესახებ, მისი ვაჟი ჟან სარკოზიც იყო. ჟანი ელისეის სასახლეში სომხურ დელეგაციასთან ერთად თავის უშუალო უფროსთან, ო დე სენის ოლქის გენერალური საბჭოს ხელმძღვანელთან პატრიკ დევედჟანთან ერთად მივიდა, მაგრამ თავისი სიტყვა პრეზიდენტმა არც ამჯერად შეასრულა.
"ხმის მიცემის პროცედურა ერთგვარი ტესტი იყო საფრანგეთში მაცხოვრებელი სომხებისთვის, რომელიც არჩევნების წინ დაეხმარება მათ, საკუთარი ობიექტური აზრი ჩამოიყალიბონ ძირითარი პოლიტიკური ძალების შესახებ. სამაგიეროდ, აღნიშნული კანონის მიღების პირობა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მემარცხენე ოპოზიციის ძალებმა დადეს. ახლა მხოლოდ იმის იმედი შეიძლება ვიქონით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი ამ დაპირებას არ დაივიწყებენ, როგორც ეს ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა. მან ხომ 2007 წელს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე სომხებისადმი მიმართვისას პირზედუჟმომდგარი დაჰპირდა მათ და დაიფიცა: "მე მთლიანობაში ვიზიარებ თქვენს სურვილს, რომ საფრანგეთი შეუერთდეს უარყოფის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, სამარცხვინო პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც გულს გწყვეტთ. საფრანგეთმა უარყოფა კანონით უნდა დაგმოს. პარლამენტმა ზღვარი უნდა გაავლოს მისაღებსა და არამისაღებს შორის" - დღეს უკვე სარკოზის ეს სიტყვები აღარავის ახსოვს", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.