მაჰმუდ აბასი პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მეთაურისა და მოძრაობა "ფათხის" ლიდერის პოსტებს დატოვებს. როგორც ისრაელის რადიო იტყობინება, ამის შესახებ რამალაში გუშინ ღამით "ფათხის" ხელმძღვანელობასთან გამართულ შეკრებაზე თავად მაჰმუდ აბასმა აღნიშნა.
მაჰმუდ აბასმა "ფათხის" აქტივისტებს მომდევნო არჩევნებისთვის ლიდერის პოსტზე ახალი კანდიდატურის ძებნისკენ მოუწოდა. ამასთან, მან დაამატა, რომ ეროვნული ერთობის ხელისუფლება, მათ შორის, მოძრაობა "ჰამასის" ისლამისტები, "დამოუკიდებელი და სახალხო მოღვაწეებისგან" შედგება.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, ახალი მთავრობის მთავარი მიზანი ღაზას სექტორის აღდგენა და ახალი არჩევნებისთვის სამზადისი იქნება.
ამასთან, აბასმა დაამატა, რომ პალესტინელები პოლიტიკურ გამომძალველობას არ შეეგუებიან. კერძოდ, აბასმა შექმნილი სიტუაცია იგულისხმა, რომლის თანახმადაც, ისრაელი პალესტინის ავტონომიის საბაჟო და საგადასახადო გადასახადებს აჩერებს, რაც იმის საპასუხოსდ კეთდება, რომ ფათხმა და ჰამასმა ერთმანეთთან შერიგების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გაეროში პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცედურა შედგება. ასევე, მან დაამატა, თუკი ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება, მაშინ იგი საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს.
შეგახსენებთ, ერთმანეთთან მებრძოლ პალესტინურ მოძრაობებს_"ფათხსა" და "ჰამასს" შორის შეთანხმებას ხელი ქაიროში 4 მაისს მოეწერა.
შეთანხმების თანახმად, ავტონომიაში ხელისუფლება შეიქმნება, რომლებშიც ის პროფესიონალები შევლენ, რომლებსაც ამა თუ იმ დაჯგუფებასთან პოლიტიკური კავშირი არ ექნებათ. ამავდროულად, ნაციონალური უსაფრთხოების საბჭო დაარსდება, რომელიც სხვადასხვა ინსტანციებს შორის სამხედრო ფუნქციების განსაზღვრას საკუთარ თავზე აიღებს.
ახალი მთავრობა ერთი წლის მანძილზე იმუშავებს, რის შემდეგაც ავტონომიის მეთაურის პოსტზე არჩევნები უნდა ჩატარდეს.
თავის მხრივ, ისრაელმა პალესტინური დაჯგუფებების დაახლოება უარყოფითად აღიქვა. მეტიც, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოლაპარაკების გაუქმება მოითხოვა, რაზეც პალესტინის ლიდერმა კატეგორიული უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ფათხსა და ჰამასს შორის კონფლიქტი 2006 წელს დაიწყო. დაპირისპირების საბაბი ავტონომიის პრემიერ-მინისტრ ისმაილ ჰანიაზე თავდასხმა გახდა, რომელიც ჰამასის მხარეს წარმოადგენდა.