ხვალ, 12 მაისს, 11:00 საათზე, აღსრულების ეროვნული ბიურო თავისუფლების მოედანზე პრევენციულ აქციას გამართავს. აქციის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება შედეგებზე, რომელსაც ადმინისტრაციული ჯარიმების გადაუხდელობა იწვევს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გიორგი ვაშაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებენ და აუხსნიან იმ პრობლმებს, რომლის წინაშეც ისინი ადმინისტრაციული ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდნენ.
ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია 28000-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა. განსაკუთრებით ხშირია შემთხვა, როდესაც მოქალაქეებს ავიწყდებათ ჯარიმის გადახდის ვადა და იხდიან დაგვიანებით. ასევე მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჯარიმის გადახდის ვადებთან დაკავშირებით, 30 კალენდარული დღის ნაცვლად მათ ჰგონიათ, რომ ჯარიმა შეიძლება გადაიხადონ 1 თვის განმავლობაში, ანუ 31-ე დღის ჩათვლით. 31-ე დღეს გადახდილი ჯარიმაც ითვლება დაგვიანებულად და ჯარიმის საქმე, ჩვეულებრივ, აღსასრულებლად შემოდის აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ჯარიმის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჯარიმასთან ერთად აღსრულების საფასურისა და ჯარიმის გარკვეულ კატეგორიაში საურავის გადახდა უწევთ. ჯარიმის დროულად გადახდა კი მათ გაუთვალისწინებელ ზედმეტ ხარჯებს თავიდან ააცილებს.