აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები საქართველოსა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიწაზე პრეტენზიას არ აცხადებენ. განცხადება ამის შესახებ გაზოგადოება "ბორჩალოს" ზალიმხან მამედლიმ გაკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სალამნიუსი" ავრცელებს.
"თუ ქართული მოსახლეობა ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ აწარმოებს და თავის მიწებს არ ითვისებს ეს ქართული მხარის პრობლემაა. აზერბაიჯანელებს სომხებისაგან განსხვავებით სხვის მიწებზე თვალი არ უჭირავთ და მათ ათვისებას არ აპირებენ", _ განაცხადა მამედმა "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის" მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, დედოფლისწყაროს რაიონში ალაზანის ადიდების შედეგად 150 ჰა აზერბაიჯანის მხარეს დარჩა.
ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა ამ საკითხისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე გამუდმებით აწარმოებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს მდინარე ალაზავნე, რასაც არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. "იმის გამო, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, რომელზეც საზღვარი გადის, საქართველომ მიწები დაკარგა. ძალიან მალე აზერბაიჯანული მოსახლეობა აითვისებს ამ მიწებს და საქართველოს მათი დაბრუნება გაუჭირდება", _ განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯამასპიშვილმა.
ზალიმხან მამედლი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რჩება სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე შეუთანხმებელი მონაკვეთი, მაგრამ ეს საკითხები წყდება ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე.
"ჩემი აზრით, ბაქოს სახელმწიფოებრივ დონეზე შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეს თავის ისტორიულ მიწებზე - დასავლეთ აზერბაიჯანში. უძველესი აზერბაიჯანული მიწები ხელოვნურად გადასცეს სომხეთს. ეს დიდი უსამართლობა იყო და ამას ცუდი შედეგები მოჰვა. ამიტომაც აზერბაიჯანს უფლება აქვს თავის მშობლიურ მიწაზე განაცხადოს პრეტენზია.