18-20 ოქტომბერს კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის ნიქოზში, გორსა და წეროვანში მასპინძლობს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მე-3 სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალს "მე-ადამიანი".
ფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი "ღია საზოგადოება -საქართველო" და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ "ღია საზოგადოების" ინსტიტუტი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი "მე-ადამიანი" უნიკალური ფესტივალია "ბორბლებზე". ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე და მაყურებელს ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისაკენ მოუწოდებს. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ის სამხრეთ კავკასიის 51 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
ფესტივალის მიზანს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაცია, შერიგების თემაზე დებატების გაფართოება და მისი სამხრეთ კავკასიის დედაქალაქების ინტელექტუალური შრეების მიღმა გატანა წარმოადგენს. 2009 წელს მთელს სამხრეთ კავკასიაში 7 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე 26 ამგვარი ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის "მე - ადამიანი" პარტნიორია პრაღის ადამიანის უფლებების ცნობილი ფესტივალი "ერთიანი სამყარო", რომელიც სამხრეთ კავკასიის კინოფესტივალს საჩვენებელ ფილმებს აწვდის.
ფესტივალის კოორდინატორი ჰელენა ზაიცოვა: "ჩვენი ფილმები მოგვითხრობს ადამიანების ისტორიებს, რომლებშიც ხშირად რთულია განსაჯო, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ისინი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რაოდენ რთულია კონფლიქტების მოგვარება მათი გეოგრაფიული მდებარეობის, მასშტაბების და გამომწვევი მიზეზების მიუხედავად. სამხრეთ კავკასიელი მაყურებელი ამ ფილმებში საკუთარი თავის დანახვას შესძლებს, რამეთუ ფილმებში ბევრია პარალელი მათ მდგომარეობასთან. საფესტივალო დისკუსიები ერთგვარი ფორუმია, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვათა პოზიციის მოსმენაა შესაძლებელი."
ფესტივალის ერთ-ერთი თავისებურება არის ის, რომ ფილმების ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია მაყურებლის და სპეციალიურად მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.