სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. ამის შესახებ მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, დაკავებულ მასწავლებელს ორი ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება, მათ შორის, პირველ რიგში გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია.
"ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.
24 ოქტომბერს ვივამდეში ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში წერია, რომ გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები. C5 C6 დისკების თიაქრები. რომელიც საჭიროებს ქირიურგიულ ოპერაციას.
დღევანდელი მდგომარეობით, ნინოს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პრიორიტეტულად, პირველ რიგში გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია.
თქვენ წარმოგიდგენიათ ციხის პირობებში პოსტ ოპერაციული პერიოდი? ამ მძიმე ოპერაციის შემდეგ ციხის საკანში რეაბილიტაცია წარმოგიდგენიათ ვინმეს რა ჯოჯოხეთი იქნება?
დილას დამირეკა ნინომ და მითხრა, რომ აქამდე თუ წელსქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ მოწყვეტის ეშინია. მარჯვენა ხელს და ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს. საჭმლის ჭამაც კი უჭირს.
და ამ ყველაფრის ფონზე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის გამო ზის ციხეში, იმიტომ, რომ მედეა ცირამუას ჰგონია ასე.
ანდერძი დავწერეო მითხრა. წარმოიდგინეთ ხალხო, რა დღეშია ადამიანი.
ხვალ, 12 საათზე ნინოს სასამართლო სხდომა გაიმართება და კი არ მჯერა რასაც ვამბობ, მაგრამ იქნებ შეერხეს რაღაც სიმები თამარ მჭედლიშვილს. მართლა რა სისასტიკეა ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა და ამაზე არ რეაგირება," - წერს ნინო კალანდია.