ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა ბარაკ ობამას შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ნიუ-იორკში იმ ადგილის მონახულება არ ისურვა, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრამდე ცათამბჯენები იყო აღმართული.
გავრცელებული ინფორმაციით, ობამა ხუთშაბათს ე.წ. Ground Zero-ს ეწვევა, რათა ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს შეხვდეს.
NBC News-ის მონაცემებით, ბუში ტერაქტების ადგილს ტრაგედიის 10 წლისთავზე, 2011 წლის სექტემბერში ეწვევა. ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის თქმით კი, ხსოვნის ღონისძიებაზე ობამაც გამოჩნდება. თუმცა ამ ინფორმაციას თეთრ სახლში არ ადასტურებენ.
ობამა Ground Zero-ს უკანასკნელად 2008 წლის სექტემბერში საპრეზიდენტო კამპანიის დროს ეწვია. როგორც წესი, ტერაქტების წლისთავზე პრეზიდენტი პენტაგონში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, მაშინ, როცა ნიუ-იორკში დაგეგმილ ცერემონიალს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტუმრობს.
შეგახსენებთ, 1 მაისს პაკისტანში ტერორისტული ქსელის "ალ-ქაიდას" ლიდერი ბინ ლადენი მოკლეს, რომელიც ნიუ-იორკში ცათამბჯენების აფეთქების ორგანიზატორად ითვლებოდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებისგან გატაცებული თვითმფრინავები ტყუპ-კოშკებს დაეჯახნენ, რომლებიც ნახევარი საათის განმავლობაში მთლიანად დაიწვა და ჩამოინგრა. მაშინდელ ტერაქტს 3000 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები