იუსტიციის სასწავლო ცენტრში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტებთან ახალი საიტისა და სერვისების სფეროში განხორციელებული სიახლეების შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" თავმჯდომარემ გიორგი წიკლაურმა ისაუბრა.
„2011 წლის 1 იანვრიდან მომხმარებელს საშუალება აქვს, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სერვისები ელექტრონული სახით მიიღოს - საქართველოს მასშტაბით ყველა ნორმატიული აქტის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოქვეყნება ელექტრონულად ხორციელდება. ამ დრომდე მსგავსი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბეჭდური ფორმით შეიძლებოდა. ახალი ელექტრონული სერვისი დაინტერესებულ პირებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს", - განაცხადა გიორგი წიკლაურმა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვრიდან "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე ელექტრონულად გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტებს ოფიციალური იურიდიული ძალა აქვთ.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა შეხვედრაზე პასუხი მიიღეს „საკანონმდებლო მაცნეს" საიტის საძიებო სისტემის მოხმარებასთან დაკავშირებულ ყველა ტექნკურ საკითხზე - საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიების, მასში შესული ცვლილებებისა და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიების, საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების მოძიებასთან დაკავშირებით.