სირიის მმართველი პარტიის "ბაატის" რიგებს მისი წევრები ტოვებენ. პარტიას სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი ხელმძღვანელობს. როგორც დასავლური მედია იუწყება, პარტიის წევრების პროტესტი გამოიწვია ბაშარ ალ-ასადის ძალადობრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ის საკუთარი მოქალაქეების მიმართ ახორციელებს.
"ბაატის" ყოფილმა წარმომადგენლებმა, პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს ქალაქ დერააში, სადაც ექვსი კვირის განმავლობაში არეულობებსა და შეტაკებებს 450 ადამიანი ემსხვერპლა.
დერაში სროლა გვიან ღამითაც ისმოდა. ასადის გადაწყვეტილებით ქალაქში მძიმე ჯავშანტექნიკა და ჯარის დამატებითი ნაწილები გაიგზავნა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საერთო გადაწყვეტილების მიღება ასადის პოლიტიკის დაგმობის შესახებ ვერ მოხდა.
გაეროს უშიშროების საბჭოზე სირიისთვის სანქციების დაწესების საკითხიც განიხილებოდა, რის წინააღმდეგაც რუსეთი და ჩინეთი წავიდნენ.
რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის. დასავლეთი აცხადებს, რომ ასადის ძალების მიერ საპროტესტო აქციების დარბევა ძალადობრივი იყო და მის წინააღმდეგ აუცილებლად სანქციები უნდა დაწესდეს.