პალესტინის ავტონომიის ორი დაპირისპირებული ძალა ფაჰტი და ჰამასი ურთიერთშორის კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმდნენ.
შესაბამის შეთანხმებას მათ კაიროში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ შექმნან დროებითი მთავრობა და ჩაატარონ არჩევნები.
ოფიციალური განცხადება მიღწეული შეთანხმებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ეგვიპტის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვრცელი დოკუმენტი გავრცელდება.
ჰამასის წარმომადგენლის ტაჰირ ნუნუს განცხადებით, მიღწეული შეთანხმება საბოლოოა და შესაბამის დოკუმენტს ხელი მომავალ კვირას მოეწერება.
„კაიროში მაჰმუდ აბასი და ჰალედ მეშაალი, ასევე პალესტინის სხვა პარტიების წარმომადგენლები ჩავლენ", - განაცხადა ნუნუმ და დასძინა, რომ გაფორმებული შეთანხმებით საბოლოოდ დასრულდება დაპირისპირება მხარეებს შორის.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან პალესტინის ტერიტორია პრაქტიკულად ორ ნაწილადაა გაყოფილი, მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა ღაზას სექტორი ჩაიგდო ხელში, აღნიშნულმა მისი იორდანიის დასავლეთ სანაპიროგან იზოლაცია გამოიწვია. მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაწილს მაჰმუდ აბასის ადმინისტრაცია აკონტროლებს, რომელთანაც საერთაშორისო თანამეგობრობა რეგულარულად მართავს მოლაპარაკებებს ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტის დასარეგულირებლად.