აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ პოპულარულ ტელეწამყვან ოპრი უინფრის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ როგორ გასცეს ჰავაიზე მისი დაბადების მოწმობის ორიგინალი.
"ორი კვირის წინ ბიუჯეტის დეტალების განხილვა გვქონდა. პირადად მე დიდი საპროგრამო სიტყვით გამოვედი, რესპუბლიკელებს თავიანთი წინადადებები ჰქონდათ, თუმცა პრესაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ჩემი დაბადების მოწმობის ორიგინალი იყო", - აღნიშნა ობამამ.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის საიტზე გუშინ ობამას დაბადების მოწმობის ორიგინალის ასლი გამოჩნდა.
შეგახსენებთ, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ეჭვი გამოთქვა, რომ ობამა აშ-ში არ დაბადებულა. თავის მხრივ, ჰავაის შტატი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ობამა მათთან დაიბადა.
"მე უკვე მივმართე ჩემი გუნდის წევრებს, ალბათ ჰავაის შტატის ხელისუფლების საქმეში ჩართვა დაგვჭირდება, რათა მათ ჩემი დაბადების მოწმობის ორიგინალი გასცენ, რათა ეს თემა საბოლოოდ დაიხუროს. ეს იმის მიუხედავად, რომ ჰავაი უკვე დიდი ხანია, მსგავს დოკუმენტებს არ გასცემს და მათ ნაცვლად ელექტრონული ასლების გაცემას ამჯობინებს",_აღნიშნა ობამამ.