დღეს, 28 აპრილს, 15:45 საათზე, ათონელი მამების მიერ დაწერილ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ხატს თბილისში ჩამოაბრძანებენ.
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, მორწმუნენი მას აეროპორტშიც დახვდებიან და სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც 18:00 საათზე ღვთისმშობლისადმი პარაკლისს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს.
გასულ წელს გაჩნდა იდეა ათონის მთაზე დაწერილიყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ხატი, როგორც მეოხი ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობისა და ერთობისა. ეს სურვილი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. ხატის შექმნისთვის თანხები გაიღო როგორც ქართულმა, ისე აფხაზურმა მხარემ.