აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს მიერ ამერიკელებისთვის ხელმძღვანელობის გადაბარება ლიბიაში წარმოებულ ოპერაციაში გარდატეხას შეიტანდა.
მაკკეინის თქმით, ალიანსში შემავალი 28 ქვეყნიდან ოპერაციაში მონაწილეობას მხოლოდ ექვსი ქვეყანა იღებს. ამ ექვსეულს კი საჭირო საბრძოლო საშუალების უზრუნველყოფა არ შეუძლია.
"მარტო აშშ ფლობს ისეთ შეიარაღებას, როგორიცაა საცეცხლე მხარდამჭერი AC-130 თვითმფრინავი და A-10 მოიერიშე",_აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, მხოლოდ ამერიკის ავიაციის მთლიანი ძალის გამოყენება დააჩქარებს მუამარ კადაფის რეჟიმის დაცემას.
მაკკეინმა აღნიშნა, რომ მხოლოდ უპილოტო Predator-ის გამოყენება საომარ მოქმედებებში გადამწყვეტი ქმედებისთვის საკმარისი არ არის.
სენატორმა აზრი გამოთქვა, რომ მხარეთა კონფლიქტში დასავლეთის ჩართვის გადაწყვეტილებამ დააგვიანა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რადგან ლიბიის "გამათავისუფლებელი მოძრაობა" შეიარაღებისა და საცეცხლე ძალის ნაკლებობას განიცდის.
მაკკეინის თქმით, ლიბიის ლიდერის რეზიდენციის დაბომბვა, მართალია, გაეროს რეზოლუციის ფარგლებს სცილდება, მაგრამ გამართლებულია.