30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. ოლიმპიადა სტუ-ის პირველ კორპუსში არსებულ კომპიუტერულ ცენტრში ჩატარდება. ოლიმპიადა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას.
საერთაშორისო ოლიმპიადა 30 აპრილს, 10:00 საათზე გაიხსნება. 12:00 საათზე გაიმართება გუნდური შეჯიბრება, რომლის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, შეჯიბრების ამოცანათ გარჩევა იგეგმება. პირადი შეჯიბრება 1-ელ მაისს, 11:00 საათზე დაიწყება, პირადი შეჯიბრების ამოცანებს კი 16:00 საათზე გაარჩევენ.
2 მაისს ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში შედიან არჩილ ფრანგიშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე), ზურაბ გასიტაშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჰამლეტ მელაძე (ჟიურის თავმჯდომარე), თეოდორე ზარქუა (ღონისძიების დირექტორი), ზურაბ წვერაიძე (ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე), ოთარ ზუმბურიძე, ოლეგ ნამიჩეიშვილი, ბორის გითოლენდია, ალექსანდრე დემეტრაშვილი, თინათინ კაიშაური, გიორგი ჯერენაშვილი, ნიკა რევაზიშვილი, ზურაბ ქიმერიძე, დავით ჩიქოვანი, გია ხურცილავა, გიორგი მაისურაძე (საორგანიზაციო კომიტეტის წევრები).
IV საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2010 წლის 3-6 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა.
მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამისტული ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე პირველად 2007 წელს ჩატარდა და ილია ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.