ხვალ, 28 აპრილს, 11:00 სთ-ზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში ახალი ელექტრონული (კანცელარიის) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების უფროსი - ლეილა მიქელაძე გააკეთებს.
პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ნიკა მელია და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
კანცელარიის პროგრამის მეშვეობით მოქალაქეები, რომლებიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მომართავენ, განცხადებაზე პასუხს ელექტრონულად მიიღებენ. ახალი პროგრამა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე, ბანერის სახითაა განთავსებული. განცხადების შემომტანი პირები განცხადების შემოტანისთანავე უნიკალურ 15-ციფრიან პინ-კოდს მიიღებენ. განცხადებაზე პასუხის მისაღებად განმცხადებელმა მიღებული კოდი აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის პროგრამის ფანჯარაში უნდა შეიყვანოს, რის შემდეგაც ის ონ-ლაინ რეჟიმში მიიღებს პასუხს, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი და იურიდიული ძალა გააჩნია.
ახალი სერვისი მოქალაქეებს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ურთიერთობას გაცილებით უმარტივებს და ზოგავს მათ დროს და ენერგიას. გარდა ამისა, განცხადებაზე პასუხის ჩაბარებას სწრაფად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს. თუმცა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს განცხადების მიღების სასურველი ფორმა და ელექტრონული ფორმის ნაცვლად განცხადებაზე პასუხი მიიღოს ფოსტის, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოსვლის გზით.
აღსრულების ეროვნული ბიურო მომსახურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მომავალშიც გააგრძელებს და მომხმარებელს არაერთ ახალ ელექტრონულ სერვისს შესთავაზებს