ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ვენესუელაში მოლაპარაკების მიზნით საკუთარი მომხრეები გაგზავნა, რითაც ლიბიის კრიზისის მოგვარებას ვარაუდობს. ამის შესახებ Reuters-ი ვენესუელის ლიდერ უგო ჩავესზე დაყრდნობით იტყობინება.
ჩავესის თქმით, მისი ქვეყანა ლიბიელ ამბოხებულებსა და კადაფის რეჟიმს შორის შუამავლის როლს ასრულებს. უფრო ადრე უგო ჩავესმა მოლაპარაკების საქმეში დახმარება აღუთქვა კადაფის, თუმცა მისი ინიციატივა ლიბიის ლიდერის ვაჟმა სეიფ ალ-ისლამმა უარყო.
ცნობისთვის, ვენესუელა ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმს აშკარა მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან, უგო ჩავესი ლიბიის საქმეებში კოალიციური ძალების მხრიდან სამხედრო ჩარევას შეუსაბამოდ მიიჩნევს. ამ გადაწყვეტყილების მიღმა ჩავესი ლიბიის ნავთობზე კონტროლის დამყარების სურვილს ხედავს.
უფრო ადრე ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩავესი კარაკასში გაქცევას აპირებდა, თუმცა თავად ლიბიის ლიდერი ამ ინფორმაციას გამორიცხავდა. თავის მხრივ, უგო ჩავესი აცხადებდა, რომ კადაფისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს არ განიხილავდა.
ვენესუელასთან ერთად, კადაფის რეჟიმის მხარდაჭერა ნიკარაგუამ და უგანდამაც გამოთქვეს. ეს უკანასკნელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ლიბიის ლიდერს თავშესაფარი შესთავაზა.