აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიელი ამბოხებულებისთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. ტელეარხ Fox news-ის მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ ამბოხებულებს საჯაროდ ეხმარება.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უახლოეს ხანში შესაბამისი თანხა უნდა გამოყონ, რომელიც ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას მოხმარდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, ტანსაცმელზე, კარვებზე, რადიომიმღებებსა და პროდუქტებზე. ზოგიერთი ექსპერტის ცნობით, თანხა შესაძლოა, სულ სხვა მიზნით დაიხარჯოს, თუნდაც იარაღსა და საბრძოლო მასალებზე.
ამბოხებულებისთვის დახმარების აღმოჩენის ინიციატივა მას შემდეგ გახმიანდა, რაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლაიამ ფოქსმა ვაშინგტონში აღნიშნა, რომ ლიბიელმა ამბოხებულებმა ბრძოლის ველზე "იმპულსი" მიიღეს და, რომ კადაფის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. პენტაგონში სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ლაიამ ფოქსმა ლიბიის მოვლენებთან დაკავშირებით ოპტიმისტური სურათი დახატა.
შეგახსენებთ, 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქუვეითის ხელისუფლება ლიბიელ ამბოხებულებს 117 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი მეამბოხეებისთვის მუამარ კადაფის გაყინული ანგარიშებიდან თანხის გამოყოფას, ასევე, განიხილავდა. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს აღიარებისკენ მოუწოდა აშშ-ს. ამასთან, მაკკეინი მოითხოვს, სწორედ ამ საბჭოს გადაეცეს აშშ-ის მიერ მუამარ კადაფის გაყინული ყველა ანგარიში. საუბარია 34,5 მილიარდ დოლარზე.