დღეს, 27 აპრილს, თბილისის აეროპორტში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალი ჯგუფი ჩამოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, აღნიშული ჯგუფი მოღვაწეობას ივლისიდან შეუდგება. იმ დროს საქართველოში მყოფი მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რიცხვი 73-ს მიაღწევს.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში 375-მა მოხალისემ იმსახურა. 27 აპრილს საქართველოში მოხალისეთა მეთერთმეტე ჯგუფი ჩამოვა. მის შემადგენლობაში იქნება ინგლისური ენის 30 მასწავლებელი და 15 ბიზნეს-კონსულტანტი. მუშაობის დაწყებამდე მოხალისეები გაივლიან ათკვირიან მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და კულტურაში, აგრეთვე ტრენინგებს ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები საქართველოში ყოფნისას ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ.
ორი წლის განმავლობაში მოხალისეები აჭარის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საშუალო სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში იმუშავებენ. ისინი ქართველ მასწავლებლებსა და ადგილობრივ თემებს დაეხმარებიან.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში ქვეყნის მთავრობის თხოვნით მუშაობს. ის კვალიფიციური ადამიანური რესურსების საშუალებით ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებას.
მშვიდობის კორპუსი 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაარსდა.
მოხალისეები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან და ამერიკის მრავალფეროვნებას განასახიერებენ. 2011 წელს მშვიდობის კორპუსს 50 წელი უსრულდება. ის ერთგულად აგრძელებს ხალხებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას.
1961 წლიდან დღემდე მშვიდობის კორპუსის 200,000-მა მოხალისემ 139 ქვეყანაში იმსახურა. დღეს მშვიდობის კორპუსის 8,655 მოხალისე ევროპის, აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის 77 ქვეყანაში მსახურობს.