სააქციო საფინანსო კორპორაცია "სისტემის" ძირითადმა მფლობელმა ვლადიმერ ევტუშენკომ მოსკოვის ყოფილ მერს_იური ლუჟკოვს საკუთარი კორპორაციის ნავთობქიმიურ განყოფილებაში თანამდებობა შესთავაზა.
"თუ მას სურს, მოვა კიდეც სამუშაოდ",_განაცხადა ევტუშენკომ. კერძოდ, რა მოვალეობებს დააკისრებენ ლუჟკოვს, ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, არ კონკრეტდება ლუჟკოვის სავარაუდო ხელფასის ოდენობა.
სააქციო საფინანსო კორპორაცია "სისტემის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ლუჟკოვის დანიშვნას არ აპროტესტებს. ეს შეთავაზება ლუჟკოვმა რამდენიმე თვის წინ მიიღო.
2010 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის პოსტიდან გათავისუფლდა, იგი არანაირ სახელმწიფო პოსტს არ ფლობდა და არც ბიზნეს-სტრუქტურებში მუშაობდა. ცნობილია, რომ ლუჟკოვი მოსკოვში ცხოვრობს და საერთაშორისო უნივერსიტეტის მსხვილი ქალაქების კათედრას ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, იური ლუჟკოვი განათლებით ქიმიკოსია, თავის დროზე მან ნავთობქიმიისა და გაზის მრეწველობის უნივერსიტეტი დაამთავრა. მოსკოვის ყოფილი მერი რუსეთის დედაქალაქს 18 წელი მართავდა, იგი თანამდებობიდან რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანებით გათავისუფლდა.