სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომეხ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, საუბარი ძირითადად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცებას შეეხო.
"განვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ორმხრივი თანამშრომლობის ჰუმანიტარული ასპექტები. ვილაპარაკეთ იმ ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც გადასაჭრელია იმისთვის, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სასაქონლო ბრუნვა მაქსიმალურად გაიზარდოს და ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა მიაღწიოს იმ დონეს, რომელიც შეეფერება ორი ქვეყნის ურთიერთობას", - განმარტა ვაშაძემ.
მხარეებმა ყურადღება ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის აუცილებლობაზეც გაამახვილეს.