ხუთ წელიწადში აშშ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს დაკარგავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებით, ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, ჩინეთი აშშ-ის უკვე 2016 წელს გაუსწრებს, რაც "ამერიკის საუკუნის დასასრულს" ნიშნავს. ამის შესახებ გაზეთი The Daily Mail-ი იტყობინება.
"ამერიკის საუკუნის დასასრული" ნიშნავს, რომ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აშშ-ის მომდევნო ხელისუფალს ქვეყნის მართვა მისი დაცემის დროს მოუწევს",_წერს გაზეთი.
მსოფლიოს ანალიტიკოსები ადრეც აცხადებდნენ, რომ ჩინეთი მსოფლიოს ეკონომიკური ლიდერი მალე გახდებოდა. თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დრომდე ცნობილი არ იყო.
თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და კომუნისტური ჩინეთი ამერიკას გაუსწრებს, დოლარის ბედი, რომლის კურსიც ისედაც დასუსტებულია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ამ დროისთვის აშშ-ის სახელმწიფო ვალი 14, 294 ტრილიონი დოლარია, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 100%. ექსპერტთა დასკვნით, უკვე მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ვადამდელი გეგმა წარადგინა: 10 წლის მანძილზე ბიუჯეტი 3 ტრილიონი დოლარით უნდა შემცირდეს, 12 წელიწადში კი_4 ტრილიონი დოლარით. ობამა ამას მდიდრებისთვის საშემოსავლო გადასახადებზე დაწესებული შეღავათების გაუქმებით მიაღწევს, რაც ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის დროს დაწესდა. ასევე, დაგეგმილია თავდაცვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის ხარჯების შემცირება.