საქართველოს საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
ამჯერად საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე დისკურია "ემერიქან უნივერსითის" საერთაშორისო დეპარტამენტში გაიმართა, რომელშიც ამერიკელმა ექსპერტებმა და აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
6-საათიანი დისკუსიისას თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი გამოწვევა არა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, არამედ წარმატებული საქართველოა.
"მოდით გაგიმხელთ საიდუმლოს. რუსეთს არ მოსწონს წარმატებული საქართველო. აი, ეს არის მათი მთავარი გამოწვევა და არა კონკრეტულად სააკაშვილი, იაკობაშვილი ან შევარდნაძე. წარმატებული საქართველო, სადაც არაა კორუფცია. ეს ტრანსფორმაცია, რასაც ჩვენ მივაღწიეთ არის პირდაპირი საფრთხე იმისა, რის გაკეთებასაც პუტინი აპირებს. ამაშია საქმე და ეს უნდა გვესმოდეს", - განაცხადა იაკობაშვილმა.
ამასთან, ქართველი დიპლომატის განმარტებით, რუსეთისთვის უკეთესია თუკი საქართველო დანაწევრებული და არაორგანიზებული იქნება.
"რუსეთს აქვს უცნაური განზრახვა, შექმნას ქაოსი ირგვლივ, რადგან არ გააჩნიათ მყარი ძალაუფლების ინსტრუმენტი. სჯერა, რომ ქაოსი ხელს შეუშლის დასავლეთის ურთიერთობებს მის მეზობელ ქვეყნებთან", - აღნიშნა თემურ იაკობაშვილმა.