დღეს, 27 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ შოთა მესხიას დაბადებიდან 95 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შოთა მესხია თსუ ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1943 წლიდან პროფესორი თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე მოღვაწეობდა, ხოლო 1961 წელს ისტორიის ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა.
პროფესორი შოთა მესხია შუა საუკუნეების საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, ქალაქების ისტორიასა და საქალაქო წყობას, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის პრობლემებს იკვლევდა. მის ნაშრომს "ძლევაი საკვირველი" 1974 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია მიენიჭა. პროფესორის რედაქტორობით გამოიცა "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" II ტომი.
პროფესორის ყველა ძირითადი შრომა სამტომეულში სახელწოდებით - "საისტორიო ძიებანი" გაერთიანდა, რომელიც 1982-1986 წლებში გამოიცა. ამჟამად შოთა მესხიას პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.