დღეს, 27 აპრილს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართება DVD-ის პრეზენტაცია, სახელწოდებით "საქართველო მუსიკას სთავაზობს იტალიას". პროექტს საფუძველი 2009 წელს წმიდა საყდრის დესპან კლაუდიო გუჯეროტის თაოსნობითა და იტალიის ქალაქ ვერონას წმიდა ძენოს სახელობის ფონდის მხარდაჭერით საქართველოში ჩაეყარა.
პროექტის მიზანი ქართველი ხალხის არტისტული ბუნების წარმოჩენაა. ამ მიზნით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელი შეირჩა.
კონცერტები ჩატარდა თბილისში კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ვატიკანში გოვერნატორის ეკლესიაში, ტრენტოში, "აუდიტორიუმ სანტა კიარაში", სპოლეტო "ტეატრო ნუოვოში" და ვერონაში, სან ძენო მაჯორეს ბაზილიკაში. კონცერტებზე შესრულდა რევაზ ლაღიძის "საჭიდაო", ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კონცერტი დო მაჟორი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და იოჰანეს ბრამსის სერენადა #1 რე მაჟორი.
სწორედ ვერონაში გამართული კონცერტისDმაღალხარისხოვანი DVD ვერსია გამოსცა პროექტის სპონსორმა, "სან ძენოს" ფონდმა. კონცერტების სერიას კი საქართველოში, ვატიკანსა და იტალიის ქალაქებში ხელმძღვანელობდა იტალიელი დირიჟორი, მაესტრო ჯამპაოლო პრეტო.
შეგახსენებთ, წმიდა საყდრის დესპანს კლაუდიო გუჯეროტის, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი, საქართველოში მისია ეწურება. მის გამგზავრებამდე, პატივისცემის ნიშნად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად მართავს DVD-ის პრეზენტაციას.
პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, ნიკოლოზ რურუასთან ერთად დაესწრებიან წმიდა საყდრის დესპანი კლაუდიო გუჯეროტი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგები, ორკესტრის წევრები.