ხვალ, 27 აპრილს, 14:00 საათზე, წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურულ კაფეში „ქარავანი" აფხაზეთის (# 2, # 3) საჯარო სკოლების, მწიგნობართა კლუბების წევრები შეხვდებიან მწერალს გურამ ოდიშარიას.
შეხვედრის ფარგლებში, ონლაინრეჟიმში ჩაერთვება აფხაზეთის ყველა(13) საჯარო სკოლა. მოსწავლეები გაეცნობიან გურამ ოდიშარიას მოღვაწეობას და მწერლის ცნობილი წიგნის „სოხუმში დაბრუნება" განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის მიზანია აფხაზეთის მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, ნაწარმოებების განხილვის კულტურის ჩამოყალიბება, აფხაზეთის თემის აქტუალიცაზია.
პროფესიით ისტორიკოსი და ფილოლოგი გურამ ოდიაშარია იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის მრჩეველი და სოხუმში აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1987 წლიდან, სოხუმში ჟურნალ „რიწას" რედაქტორობდა. მისი ცნობილი წიგნი „სოხუმში დაბრუნება" ხუთჯერ გამოიცა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთ საფუძვლად იქცა. მწერალს უამრავი აფხაზი მეგობარი ჰყავს და მათთან ურთიერთობას დღესაც აგრძელებს. გურამ ოდიშარიას სჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობის კარი არასოდეს იხურება.