27 აპრილს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისას მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე ორივე მხარისათვის აქტუალური თემები.
ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეტლინ ფიცპატრიკი. საქართველოს დელეგაციის თანათავმჯდომარეები იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში გაფორმდა. 2009 წლის ივნისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიამ ქარტიით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნა და პირველი შეხვედრა ვაშინგტონში გამართა.
დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფები რეგულარულად იკრიბება, იხილავს მიმდინარე პროცესებსა და ადგენს სამომავლო გეგმებს. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა 2010 წლის 17 ნოემბერს, ვაშინგტონში გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ხელმძღვანელობდნენ.
თბილისში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეები სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.