აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას მოსკოვის სამკურნალო დაწესებულებებში მიეძღვნა მოსკოვის ჯანდაცვის დაპარტამენტის ხელმძღვანელის ლეონიდ პეჩატნიკოვისა და აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ მარშანიას შეხვედრა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პეჩატნიკოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2011 წლის ბოლომდე უფასო სამედიცინო დახმარების დაწევის მიმართულებით მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
"2012 წლიდან კი მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ურთიერთქმედება უნდა გადაიხედოს", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ამჟამად აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს მოსკოვში უფასოდ მკურნალობის საშუალება აქვთ, სეპარატისტებისათვის გამოყოფილი კვოტების ხარჯზე.