დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ლიამ ფოქსი და ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი დევიდ რიჩარდსი დღეს ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები "პოლკოვნიკ კადაფის საბოლოო მოცილების" გეგმას განიხილავენ.
ვაშინგტონში გაფრენამდე ფოქსი ლიბიის ლიდერებს პირდაპირ დაემუქრა: "თუკი რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს განაგრძობს, მაშინ ის ადამიანები, რომლებიც თავის მებრძოლებს დირექტივებს აძლევენ, ჩვენ მიერ კანონიერ სამიზნედ განიხილებიან".
ამასთან, ფოქსმა განმარტა, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეწინააღმდეგება, პოლკოვნიკი კადაფია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ფოქსი და რიჩარდსი აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთა შტატის თავმჯდომარე მაიკ მალენთან გამართავენ მოლაპარაკებებს. ამასთან, მხარეები ნატოს ავიაციისა და ამერიკული უპილოტოებისთვის "სამიზნე სიის გაფართოების" შესაძლებლობას განიხილავენ.
გარდა ამისა, ბრიტანელები ამერიკელებს ნავთობპროდუქტებისა და იარაღის საწყობის განადგურებაში მონაწილეობის მიღებას შესთავაზებენ.