საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით მალაიზიურ მხარესთან თანამშრომლობის შედეგებით უკმაყოფილოა.
"თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა უნდა ვაღიაროთ განსაკუთრებული ეფექტური არ არის. ჩვენ ყოველკვირეული ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვცდილობთ, დავუკავშირდეთ და ინფორმაცია მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ამის იქით ვერ მიდის",- განაცხადა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ კვირის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, მალაიზიური მხარე ქართველების საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ერიდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა გასული წლის შემოდგომაზე ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. საქმეზე გორდაძის პროცესი 15 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებულის ადვოკატმა საქმის მასალების დეტალურად გაცნობისთვის დრო ითხოვა, ის 23 აპრილამდე გადაიდო.