პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ობამამ, რომელიც თავიდან "არაბთა მეგობრად" ამჟღავნებდა თავს და პალესტინელების მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, იგი დაბნეულობაში შეიყვანა. აბასის თქმით, ობამა ის არ აღმოჩნდა, რადაც თავს ასაღებდა. ამის შესახებ აბასმა ჟურნალ Newsweek-ს განუცხადა.
აბასის შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ ობამა ისრაელის ხელისუფალის ბენიამინ ნეთანიაჰუსგან დასახლებებში მშენებლობის შეჩერებას უკვე აღარ მოითხოვს.
"ჩვენ ორივე, მე და ობამა, ავძვერით ხეზე, რომლიდანაც იგი კიბის დახმარებით ჩამოძვრა, შემდეგ კი კიბე გამომაცალა და ახლა ჩემგან ხიდან ჩამოხტომას მოითხოვს",- ასე აღწერა აბასმა შექმნილი მდგომარეობა.
მისი თქმით, ამერიკის ლიდერმა, ასევე, მხარი არ დაუჭირა ახლო აღმოსავლეთში თავის სტრატეგიულ პარტნიორს ჰოსნი მუბარაქს, რომელიც ოპოზიციამ ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, უფრო ადრე პარიზში ვიზიტად მყოფმა მაჰუდ აბასმა საფრანგეთის ხელისუფლებას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების მხარდაჭერისკენ სექტემბერში გამართულ გაეროს ასამბლეაზე მოუწოდა. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით აშშ არალოგიკურ ნაბიჯებს დგამს.
"პრინციპში, ჩვენ მრავალი ნიშანი გვაქვს, რომლითაც აშშ მზადაა, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ეს არათანმიმდევრული და არალოგიკური იქნება",_აღნიშნა აბასმა.
ცნობისთვის, აშშ კატეგორიული წინააღმდეგია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარაციის. ამის შესახებ 20 აპრილს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაცია დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენას 1967 წლის საზღვრებში აპირებს. პალესტინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მოლაპრაკების შედეგად ისრაელი თავის ჯარებს 1967 წელს ომის შედეგად ოკუპირებილი პალესტინის ტერიტორიიდან გაიყვანს. კერძოდ, იორდანის მარცხენა სანაპიროდან, ღაზას სექტორიდან და აღმოსავლეთ იერუსალიმიდან.
თავის მხრივ, ისრაელი იერუსალიმს და 1967 წლს დაკავებულ არაბულ რაიონებს, თავის "ერთიან და განუყოფელ" დედაქალაქად მიიჩნევს.