ამერიკის შეერთებული შტატები სირიის მთავრობისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სანქციების დაწესება შეაჩერებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალადობრივ პოლიტიკას, რომელსაც საკუთარი ხალხის მიმართ ანხორციელებს. სანქციები ასადის აქტივების გაყინვასა და ბიზნესგარიგებების შეჩერებაში გამოიხატება. ამავდროულად, აშშ-მა სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია მოახდინა.
ქალაქ დერაში ასადის ჯარებმა საპროტესტო აქცია ტანკების გამოყენებით დაარბიეს. გავრცელებული ინფორმაციით აქციის დარბევას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამთავრობო ჯარებმა დემონსტრანტებს ცეცხლი დედაქალაქ დამასკოს გარეუბანშიც გაუხსნეს.
სირიაში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის მთავრობის შეცვლასა და ქვეყანაში 50-წლიანი საგანგებო რეჟიმის მოხსნას მოითხოვენ. ყველაზე ძლიერი საპროტესტო აქციები ქალაქ დერაში მიმდინარეობს.