"ქართული საკითხი ის საკვანძო დაბრკოლებაა, რის გამოც აშშ-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკა მოსალოდნელ შედეგებს ვერ მოიტანს", - წერს "Occidentale"-ი.
სტატიის ავტორის შეფასებით, პოლიტიკურ გადატვირთვას, რომელსაც ორი ქვეყნის ურთიერთობები უნდა შეეცვალა, გზაზე სერიოზული დაბრკოლებები ხვდება და ის სწორედ საქართველოს საკითხს უკავშირდება.
"მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებისას ირკვევა, რომ „ურთიერთობების გადატვირთვის" პროცესის რეალურად ამოქმედებისთვის ყველაზე არსებითი დაბრკოლება ქართული საკითხია. ოფიციალურად აშშ ევროკავშირთან და გაერო-სთან ერთად (რუსეთის, ვენესუელას და ნაურუს გამოკლებით) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, რითაც მკვეთრად უპირისპირდებიან რუსეთის პოზიციას", - წერს გამოცემა.
აღნიშნულის კონტექსტში, სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ „პოლიტიკური გადატვირთვა" მოსალოდნელ შედეგებს ვერ მოიტანს.
"რა თქმა უნდა პრობლემები მხოლოდ მსო-ში გაწევრიანებით არ ამოიწურება და ის სამხედრო თანამშრომლობასაც ეხება. აშშ-ს დასავლეთ-ევროპის ქვეყნებთან ერთად სურს რუსეთის დაახლოვება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ ესეც შეუძლებელია საქართველოს გამო. შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი-ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რითაც განაგრძობს რუსეთის მთავრობის შემდგომ გაღიზიანებას. სიმართლე ის არის, რომ მანამ სანამ ორ გიგანტს შორის გეოპოლიტიკური უთანხმოებებია და ამ მხრივ დათმობისთვის არც ერთი მხარე მზად არ არის (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე), პოლიტიკური გადატვირთვა ნაადრევი სიკვდილისთვისაა განწირული", - ნათქვამია სტატიაში.