ფიროსმანის "შავი ლომის" ფიქტიური მესაკუთრის, ვიაჩესლავ ეფიმოვის დედა ინგა ვარონინა ყარამან ქუთათელაძეს სიცრუეში ადანაშაულებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ეფიმოვის დედა ამტკიცებს, რომ ქუთათელაძესა და მის შვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და ვიაჩესლავ ეფიმოვს მისგან 47 ნახატი ჰქონდა შეძენილი.
"2000 წლისთვის ჩემს შვილსა და ყარამან ქუთათელაძეს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა არსებობდა. ისინი მეგობრობდნენ. ჩემა შვილმა მისგან 47 ნახატი იყიდა, ერთ-ერთი იყო "შავი ლომიც", რომელშიც 160 ათასი დოლარი გადაიხადა და მისი შეძენა მას თავად ქუთათელაძემ შესთავაზა. რაც შეეხება ყარამანის განცხადებას, რომ არ იცის ვინ არის ეფიმოვი, ეს წარმოუდგენელია. მან ჩემს შვილს ტილოც კი აჩუქა, რომელსაც საკუთარი ხელით აწერია: "სახსოვრად სლავას ყარამან ქუთათელაძისგან", - აცხადებს ვიაჩესლავ ეფიმოვის დედა.
შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის ტილოს მემკვიდრე ყარამან ქუთათელაძე შედევრის მის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ქუთათელაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ისინი იმ მინდობილობის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქუთათელაძემ ტილოზე უფლებამოსილება ვიაჩესლავ ეფიმოვს გადაულოცა.