ეგვიპტის სასამართლომ ყველა სახელმწიფო ობიექტიდან ჰოსნი მუბარაქისა და მისი მეუღლის, სიუზანის სახელისა და პორტრეტების მოცილების ბრძანება გასცა. ეს აკრძალვა ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქის მეტროსადგურებს, სკოლებს, ქუჩებს, მოედნებს, ბიბლიოთეკებსაც შეეხება. ამ გადაწყვეტილებით ეგვიპტის ხელისუფლება ცდილობს "ჰოსნი მუბარაქის კორუფციის ერას" ბოლო მოუღოს.
ცნობისთვის, ხელისუფლებაში უკვე 30 წლის განმავლობაში მყოფმა მუბარაქმა 11 თებერვალს ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილება მოიხსნა. მის გადადგომას წინ უსწრებდა 25 იანვრიდან გამართული ანტისახელისუფლო საპროტესტო გამოსვლები. ამჯერად ეგვიპტის სათავეში შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო იმყოფება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი მუჰამედ ტანტავი ხელმძღვანელობს.
მუბარაქს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაკითხვისას მუბარაქმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მას მომიტინგეების მიმართულებით სროლის ბრძანება არასდროს გაუცია. ამასთან, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ფინანსურ აქტივებსა და უძრავ ქონებას საზღვარგარეთ ფლობდა. ექს-პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურასთანაც თანამშრომლობას არ გაურბოდა.
მუბარაქის თქმით, ეს ყველაფერი მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით გაკეთდა.
თუკი ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს მის წინააღმდეგ წამოყენებულ დანაშაულში ამხელენ, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, დაკავებულნი არიან მუბარაქის ვაჟები _ ალა და ჯამალი. მათ 2011 წლის იანვარ-თებერვალში დემონსტრაციის დაშლისა და ადრინდელი კორუფციული დანაშაულის ჩადენის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.