ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ, - ნათქვამია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის 2011 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში ქრისტიანობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და მრევლს ასწალის გზას "როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი?".
"ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი...~. ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები", _ ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში.