იტალიაში „საკრა კორონა უნიტას" მაფიოზური დაჯგუფების ბოსი, სახელად კამპანა დააკავეს. 38 წლის დამნაშავე ქალაქ ბრინდიზის მახლობლად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში აიყვანეს.
მაფიოზის დაკავებას ორწლიანი გამოძიება უძღოდა. ამ ხნის მანძილზე კამპანა ადგილსამყოფელს მუდმივად იცვლიდა და პოლიციას მოხერხებულად ემალებოდა.
ნარკოტოკებისა და დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის გამო კამპანას ცხრაწლიანი სასჯელი ელის.
„საკრა კორონა უნიტას" გავლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონტრაბანდა შედიოდა. ეს მაფიოზური დაჯგუფება ქვეყნის მთავარ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის მეოთხე ადგილზეა. მას უსწრებს „კოზა ნოსტრა"(სიცილიური მაფია), „კამორა"(კამპანიის მაფია) და „ნდრანგეტა" (კალაბრიის მაფია).
„საკრა კორონა უნიტა" სიგარეტის, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდას, ასევე, ადამიანებით ვაჭრობას ეწევა.
შეგახსენებთ, ამ დღებში იტალიის საგადასახადო პოლიციამ რომში, კალაბრიაში, ლომბარდიასა და კამპანიაში მასშტაბური ოპერაცია განახორციელა და მაფიოზურ დაჯგუფება „ნდრანგეტას" აქტივები კონფისკაციას დაუქვემდებარა.
მასალის გამოყენების პირობები