23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ბაღში ტრადიციული წიგნის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენაში საქართველოში არსებული წიგნის 30 გამომცემლობა და გამავრცელებელი მიიღებს მონაწილეობას. წიგნის გამოფენა-გაყიდვაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და შეიძინოს, როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ახალი წიგნებიც.
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან აღინიშნება. ისტორიის თანახმად, კატალუნიაში 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესისა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღიც დაემატა და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლების დაცვის დღეთ გამოცხადდა.
გიგი უგულავა: 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეა, ის იუნესკოს მიერ აღინიშნება დასერვანტესის, დე ლა ვეგასა და შექსპირს უკავშირდება. საბედნიეროდ წვიმამ გადაიღო და იმედია ბევრი წიგნის მოყვარული მოვა აქ და გამოფენას დაათვალიერებს.ჩვენ გვინდა ტრადიციად ვაქციოთ ეს დღე, ისე როგორც ეს პარკი წიგნსმოყვარულთათვის. პარალელურად საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სამწუხაროდ საქართველო აუთსაიდერების რიგშია, ამიტომ კანონის გადახედვა და უფრო გამკაცრება მოხდება, რათა დაცული იქნეს ინტელექტუალური საკუთრება.