მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის მიერ ამ რიტუალის დაგმობისა, სულ მცირე 15 ფილიპინელმა, თავისი ნებით, ვნების კვირას თავი ჯვარზე გაიკრა და ამის ქრისტეს ვნების გამეორებას შეეცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თავის ცხოვრებაში უკვე ოცდამეხუთედ ავიდა ჯვარზე 50 წლის რუბენ ენიაზე, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში სარეკლამო აბრების დამამზადებელია. 1985 წლის თებერვალში იგი მესამე სართულიდან გადმოვარდა და არანაირი დაზიანება არ მიუღია. "არც ერთი ძვალი ამ მომიტეხავს, ეს ნამდვილი სასწაული იყო", _ აცხადებს იგი და ამის შემდეგ გადარჩენისათვის ღმერთს მადლობას წირავს და ქრისტეს ვნებების გამეორებას მადლობის ნიშნად ცდილობს.
მან თავად ათრია 50 კილოგრამიანი ჯვარი სამი კილომეტრის მანძილზე ადგილობრივი ვერსიის გოლგოთამდე. ამის შემდეგ იგი ხელის მტევნებითა და ფეხებით ჯვარზე 10 სანტიმეტრიანი ლურსმნებით მიაჭედეს. ამასთან ერთად არავითარი გამაუტკივარებელი საშუალება გამოყენებული არ იყო. მამაკაცი ჯვარზე მხოლოდ ორი-სამი წუთი დარჩა.
იგივე გაიმეორა ვნების კვირაში კიდევ დაახლოებით 14-მა ქრისტიანმა ფილიპინელმა.
ოფიციალური ეკლესია ამ რიტუალებს გაუმართლებლად მიიჩნევს. აღდგომის დადგომამდე ფილიპინელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ჯვარზე თვითნებურად გაკვრისა და თვითგვემის რიტუალები.
"იყო მხოლოდ ერთი ჯვარცმა, რომელმაც კაცობრიობა იხსნა", _ განაცხადა ამასთან დაკავშირებით ფილიპინების კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანხელ ლაგდამეომ.
თავის მხრივ ენიახე კი აცხადებს: "როდესაც ჯვარზე ვარ გაკრული თავს ღმერთთან ძალიან ახლოს ვგრძნობ. ჩვენ გავიზარდეთ ამ ტრადიციაზე და ვერაფერი შეგვაჩერებს".