საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში საჰაერო რადარი გახსნა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, აღნიშნული რადარი "საფუძველს უქმნის როგორც საჰაერო სივრცის უკეთ გაკონტირლებას, ისე ფოთის ახალი საერთაშორისო აეროპორტის უკეთ ფუნქციონირებას.
"ჩვენი ხედვა, საქართვეოს მომავლის მოდერნიზაციის ჩვენი გეგმა გულისხმობს, რომ 2015 წელს საქართველოში ერთ სურ მოსახლეზე შემოსავალი იქნება გაორმაგებული. ასევე ეს გულისხმობს იმას, რომ 2015 წელს საქართველოში ჩამოვა მინიმუმ 5 მილიონი ტურისტი და ვვარაუდობთ, რომ უფრო მეტიც. ეს გულისხმობს იმას, რომ სრული დატვირთვით იქნება ამუშავებული ჩვენი მთელი საპორტო ინფრასტრუქტურა და ფოთის პორტი გახდება ის, რაც უნდა იყოს - მთავარი კარიბჭე ჩრდილოეთ ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან ევროპის უმეტესი მიმართულებით და ფოთი გახდება 100 %-იანი დასაქმების ქალაქი. აქ ჩვენი მთავარი პრობლემა არა დასაქმება, არამედ კადრების დეფიციტი იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, 2012 წლისთვის ამუშავდება ფოთის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ყველა ამინდის პირობებში იმუშავებს.
"ფოთის რადარი გადაფარავს ბათუმს (სადაც ჩვენი ვარაუდით, 2012 წელს მინიმუმ 2 მილიონი დამსვენებელი ჩავა), გადაფარავს მესტიას (რომელიც იმ დროისთვის მინიმუმ აღმოსავლეთ ევეროპაში ყველაზე უფრო ცნობილი და წარმატებული სათხილამურო კურორტი იქნება) და გადაფარავს ანაკლიას (სანამდეც აქედან გაიჭრება გზა და ის იქნება საქართველოს ყველაზე განვითარებული საზღვაო კურორტი). ეს არის ის გამოწვევევი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და აუცილებლად გავაკეთებთ. 2013 წელს კი, მთელი ეს კომპლექსი საბოლოოდ დამთავრდება", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებითვე, ფოთის აეროპორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის საქართველოს, როგორც მომავლის ქვეყნის შექმნას ემსახურება.
"საქართველოს აქვს დიდი წარსული, მაგრამ ამავე დროს დიდი მომავალი. ცოტაა ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად დიდი წარსული და ასევე დიდი მომავლის მყარი გარანტიები ჰქონდეს.
ფოთის აეროპორტში სამოქალაქო რადარი ფრანგულიმა კომპანია "Thales"-მა დაამონტაჟა.