ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია "ლაბორატორია კასპერსკოგო"-ს დამფუძნებლის ევგენი კასპერსკის 20 წლის ვაჟი ივან კასპერსკი მამამ გამოიხსნა სააგენტო "Life News"-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მათ სპეცსამსახურებში არსებულმა წყარომ მიაწოდა კასპერსკიმ გამტაცებლებს გამოსასყიდი გადაუხადა.
მათივე ინფორმაციით, ივან კასპერსკი ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ კასპერსკიმ გამოსასყიდი გადაიხადა, თუმცა თანხის რაოდენობა არ იცის. "ივანის გამო გადახდილია გამოსასყიდი, თანხა ჩემთვის უცნობია, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ ბიჭი დააბრუნეს", _ ამბობს წყარო.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აღნნიშნავს, რომ ოფიციალურად ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს და იქვე დასძენს, რომ ოფიციალური ინფორმაცია ბიჭის გატაცების შესახებაც არ გაჟღერებულა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში კომპანია "ლაბორატორია კასპერსკოგო"-ს დამფუძნებლის ევგენი კასპერსკის 20 წლის ვაჟი ივან კასპერსკი 19 აპრილს გაიტაცეს. თავდამსხმელებმა ივან კასპერსკი მაშინ მოიტაცეს, როდესაც იგი სამსახურში მიდიოდა. გატაცება ოფისთან ახლოს მოხდა. ივან კასპერსკი თავისი სადიპლომო ნამუშევრის პროექტზე მუშაობდა და ერთდროულად დასაქმებული იყო თავისი დედის ნატალია კასპერსკაიას კომპანიაში.
გავრცელებული ინფორმავიით, თავდამსხმელები მალევე დაუკავშირდნენ ევგენი კასპერსკის და მას გამოსასყიდის სახით 3 მილიონი ევრო მოსთხოვეს. ევგენი კასპერსკი ამ დროს ლონდონში იმყოფებოდა და იგი მოსკოვში დაბრუნდა.
გამტაცებლების მოსაძებნად ამოქმედებული იყო ყველა შესაძლო ძალა: პოლიცია, "ეფ-ეს-ბე" და სისხლის სამართლის სამძებრო.
აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" ინფორმაციით, ევგენი კასპერსკის რუს მილიარდერთა სიაში 125-ე ადგილი უჭირავს და მისი კაპიტალი 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მის ხელთაა კომპანია "ლაბორატორია კასპერსკოგო"-ს საკონტროლო პაკეტი. კომპანია ანტივირუსებს და კომპიუტერის უსაფრთხოების დამცავ საშუალებებს აწარმოებს. გატაცებული ბიჭის დედა კი ნატალია კასპერსკაია " რუსეთის 50 ყველაზე გავლენიანი ქალების" ნუსხაში შედის.