საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, შესაძლოა, ლიბიელ ოპოზიციონერთა მიწვევა მიიღოს და ქალაქ ბენგაზს ეწვიოს, სადაც მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები არიან განლაგებულნი. ამის შესახებ ფრანგული პრესა იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენგაზში მიწვევა სარკოზიმ ამბოხებულთა მიერ შექმნილი ნაციონალური გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელის მუსტაფა აბდელ ჯალილისგან მიიღო.
"საფრანგეთის პრეზიდენტი ბენგაზში მივიწვიეთ. ვფიქრობ, რევოლუციის მორალური სულის შესანარჩუნებლად ეს მეტად საჭირო გადაწყვეტილება იყო",_ განუცხადა ჟურნალისტებს ელისეის სასახლეში სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ მუსტაფა აბდელ ჯალილმა.
მისი თქმით, შეხვედრისას ლიბიის რევოლუციის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
თავის მხრივ, სარკოზის კანცელარიაში ადასტურებენ, რომ მიწვევა მიიღეს. მუსტაფა აბდელ ჯალილი ირწმუნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ბენგაზში ჩასვლაზე თანახმაა, თუმცა მისი ვიზიტის ზუსტი თარიღი არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის არმიას კადაფის მებრძოლთა პოზიციების დაბომბვა უნდა გაეძლიერებინა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. გარდა ამისა, საფრანგეთის ხელისუფლება ლიბიაში სამხედროების მცირე კონტიგენტსაც გაგზავნის, რათა ლიბიელ ამბოხებულებს თანადგომა აღმოუჩინოს. ფრანგი სამხედროები ნაციონალურ გარდამავალ საბჭოსთან ერთად იმუშავებენ და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავენ.