ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გაწერილი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს 10-15 წელში რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ექსპერტმა მიხეილ თავხელიძემ დოკუმენტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ეკონომიკურ უსაფრთხოებას მცირე ნაწილი უჭირავს და არ ჩანს, რომ "ამ საკითხზე საერთოდ ვინმემ იფიქრა".
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, მაშინ როცა ქვეყანას არ აქვს ატომური ბომბი, ნავთობი, არ ჰყავს დიდი ჯარი, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებს.
"საერთოდ რა შესატანი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების თავში სოფლის მეურნეობა არ მესმის, რადგან ეკონომიკის განვითარება ავტომატურად მის შემცირებას გამოიწვევს, ან რას ნიშნავს ვალის ეფექტიანი მომსახურება? ვალს ან იხდი ან არა", - აღნიშნა თავხელიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ მოუწოდა, რომ მიუხედავად დოკუმენტზე მუშაობის ფაქტიურად დასრულებისა, მზად არის თუ წერილობით მიწვდის წინადადებების ფორმულირებას სამუშაო ჯგუფი თავიდან შეიკრიბება და იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყო.
ამ დროისთვის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც შემდეგ შემდეგ განსახილველად პარლამენტის დაუბრუნდება.