დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალს 85 წელი შეუსრულდა. მას ორმაგი მიზეზი აქვს, რათა დაბადების დღეს ამაღლებული განწყობით შეეგებოს. ბრიტანელი მონარქის დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ამ თარიღს ელისაბედი 29 აპრილს დანიშნული პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილამდე ერთი კვირით ადრე აღნიშნავს.
უილიამი საგვარეულოში რიგით მესამე ტახტის მემკვიდრეა. ასე რომ, დროთა განმავლობაში მამის პრინც ჩარლზის შემდეგ იგი უნდა გახდეს მეფე.
ოთხშაბათს დედა-დედოფალმა მომავალი სარძლოს მშობლები ქალაქგარეთ მდებარე უინძორის რეზიდენციაში მიიწვია. ეს მაიკლ და ქეროლ მიდლტონებთან ელიზაბეტ მეორის პირველი შეხვედრა იყო. დედოფალთან ერთად სტუმრები მისმა მეუღლემაც, ედინბურგის ჰერცოგმა პრინცმა ფილიპმა ლანჩზე მიიღო. სასახლის წარმომადგენელთა თქმით, მაგიდის გარშემო თბილი ატმოსფერო სუფევდა.
29 აპრილს კი ისინი კვლავაც შეიკრიბებიან და ვესტმისტერის სააბატოში უილიამისა და ქეითის ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრებიან.
ცნობილია, რომ ამ დღეს ელისაბედ მეორეს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების მიერ დახატულ მისივე პორტრეტებს აჩუქებენ.
საინტერესოა, რომ დედოფლის დაბადების დღე დიდ ბრიტანეთსა და მის კოლონიებში ოფიციალურად ივნისის სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება. ამ დღეს ზეიმებსა და ოფიციალური სეირნობის ცერემონიალს აწყობენ. ზაფხულის პერიოდში მონარქის დაბადების დღის აღნიშვნა, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის შუა პერიოდში დაწესდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მეფეები და დედოფლები ძირითადად ზამთრის ცივ პერიოდში იბადებოდნენ, ამიტომ მათ სურდათ, რომ დაქვემდებარებულებს მათი დაბადების დღე თბილ ამინდში აღენიშნათ.
დედოფლის წლევანდელი იუბილე ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს ემთხვევა. ამდენად, დედოფალი ვესტმისტერის სააბატოში ვნების კვირეულის ცერემონიალზე დასასწრებად გაემართება. ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ტრადიციით, მონარქმა გაჭირვებულებისთვის მოწყალება უნდა გაიღოს. ამიტომ სწორედ ამ დღეს დედოფალი პენსიონრებს შეხვდება. იმისთვის, რომ პენსიონერთა ღირსება არ შელახოს, დედოფალი მათ სუვენირის მონეტებს ჩუქნის.
შეგახსენებთ, ელისაბედ მეორე 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. მისი მამა 1936 წელს გეორგ მეექვსის სახელით ავიდა ტახტზე. ელისაბედ მეორე კი ტახტზე 1952 წლის თებერვალში ავიდა, როცა იგი მხოლოდ 25 წლის იყო. 1947 წელს იგი საბერძნეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელე პრინც ფილიპზე დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში პრინცი ფილიპი თავის 90-ე იუბილეს აღნიშნავს.
სამეფო წყვილს ოთხი შვილი ჰყავს_სამი ვაჟი (ჩარლზი, ენდრიუ და ედვარდი) და ქალიშვილი, პრინცესა ანა. გასული წლის დეკემბერში ელისაბედ დედოფალი დიდი ბებია გახდა. მისი შვილთაშვილი პრინცესა ანას ვაჟის ოჯახში დაიბადა.
ასაკის მიუხედავად, ელისაბედი შესანიშნავ ფორმაშია. სავარაუდოდ, ეს მას მემკვიდრეობით ერგო. დედამისი 2002 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიკოსებმა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში აუკრძალეს დედოფალს ცხენზე ამხედრება, რაც მისი ახალგაზრდობისდროინდელი გატაცება იყო.