ატომური კატასტროფები საფრთხეების შეფასების დოკუმენტში გაიწერება. ამის შესახებ დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ექსპერტები დაინტერესდნენ რამდენად იყო ასახული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ რედაქციაში ისეთი გამოწვევა, როგორიც არის ატომური კატასტროფები, რომლის აუცილებლობაც ბოლო დროს იაპონიაში განვითარებული მოვლენების შემდეგი უფრო მკაფიოდ დადგა.
დარსალიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც არის ასახული, თუმცა მასზე დეტალური საუბარი იქნება საფრთხეების შეფასების დოკუმენტში.
"საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ატომური კატასტროფების საფრთხეების სცენარის დონეზე გვაქვს განხილული და შეფასებულია როგორც მოსალოდნელი შედეგები, ასევე მისგან თავის დასაცავად გათვლილი გეგმა", - აღნიშნა ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ამასთან, დარსალიას თქმით, ატომური კატასტროფების სცენარი საფრთხეების შეფასების დოკუმენტის დახურულ ნაწილშია გაწერილი და ამის გათვალისწინებით მისი დეტალებზე საუბარს ვერ შესძლებს.
მისივე თქმით, საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ასევე საუბარია ქიმიური საწარმოების კუთხით არსებულ საფრთხეებზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვა თებერვალში დაიწყო.