ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამოქალაქო ინტეგრაცია, გამოწვევების ნაწილში შევა და არა საფრთხეების. ამის შესახებ დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტის შესავალ ნაწილში ჩაიწერება, რომ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი ფართო კონსესუსის საფუძველზეა შემუშავებული და არა ერთი, რომელიმე უწყების მიერ.
მივე თქმით, სამოქალაქო ინტეგრაციის ნაწილში ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხის მნიშვნელობაზეც.
დოკუმენტში ასევე აისახება დევნილების უფლებების დაცვის საკითხიც, თუმცა მისი ფრომულირებაზე სამუშაო ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს.
ამასთან, უსაფრთხოების დოკუმენტში ინფორმაციული უსაფრთხოების თემას სპეციალური თავი მიეძღვნება და მას კიბერუსაფრთხოება ეწოდა, რადგან დარსალიას განმარტებით, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებები შეიძლება თავსებადი არ იყოს დემოკრატიასთან, ამიტომ ამ კონტექსტში დოკუმენტში, კიბერუსაფრთხოება ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყო.
ამ დროისთვის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც შემდეგ შემდეგ განსახილველად პარლამენტის დაუბრუნდება.