მიჩიგანის შტატის უეინის მხარის პროკურატურამ ქალაქის დირბორნის რაიონულ სასამართლოში პასტორ-ევანგელისტ ტერი ჯონსის საპროტესტო აქციის აკრძალვის მოთხოვნით შუამდგომლობა შეიტანა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ტერი ჯონსი, რომელიც ისლამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებითაა ცნობილი, 22 აპრილს ქალაქ დირბორნის ამერიკის ისლამის ცენტრის კედლებთან მანიფესტაციის გამართვას აპირებს. ამ ადგილზე კი აშშ-ის უდიდესი მეჩეთი დგას. პროკურორის აზრით, ამ აქციამ, შესაძლოა, სამომავლოდ უარყოფითი პროცესი გამოიწვიოს და ამერიკელ მუსულმანებს აგრესიისა და არეულობისკენ უბიძგოს.
ამის გამო პროკურორი სასამართლოს მეშვეობით აპირებს მანიფესტაციის აკრძალვას. პროკურატურიდან გაგზავნილ დოკუმენტებს დირბორნის პოლიციის ანგარიშიც ერთვის, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელი საპროტესტო აქცია პოტენციური საფრთხის შემცველად მიიჩნევა.
ამასთან, პოლიციელები აღნიშნავენ, რომ პატარა ქალაქ დირბორნს ტერი ჯონსის მიტინგის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სოლიდური თანხა დაუჯდება. კერძოდ, ღონისძიების მსვლელობისას საჭირო გახდება საპოლიციო ვერტმფრენის გამოძახება, ამასთან, აუცილებელია პოლიციის რაზმისა და სხვა ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება.
პროკურატურის შუამდგომლობას დირბორნის სასამართლო განიხილავს. სასამართლოს სხდომაზე თვით მღვდელი ჯონსის გამოჩენას ელიან.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის შუამდგომლობას მღვდელი ტერი ჯონსი უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, ვერანაირი სასამართლო მას ვერ შეაჩერებს და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საპროტესტო აქციას მაინც გამართავს. ამასთან, ჯონსმა ნათლად განმარტა, რომ პოლიციის ხარჯის ანაზღაურებას მაინც არ აპირებს და მიტინგს სხვა ადგილას არ გამართავს, რისი იმედიც დირბორნის სასამართლოს ამაოდ აქვს.
ამასთან, პასტორს საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების არ ეშინია. მისი თქმით, იგი 40 კალიბრის ნახევრადავტომატურ რევოლვერს ფლობს. "ჩვენ საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანად მივდივართ",_ აღნიშნა მან.
ტერი ჯონსის უსაფრთხოებას პოლიცია ეჭვქვეშ აყენებს, რადგან საკუთარი ქმედებებით ჯონსმა ისლამური სამყაროს აღელვება უკვე მოახერხა.
კერძოდ, 20 მარტს ჯონსმა და მისმა თანამოაზრეებმა წარმოსახვითი სასამართლო გაუმართეს ყურანს, რომლის დროსაც მუსულმანთა წმიდა წიგნის ერთი ეგზემპლიარი დაწვეს. ამის შემდეგ ავღანეთში რელიგიურ ფანატიკოსთა მხრიდან რეაქციამ არ დააყოვნა, რასაც ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, ჯონსი, რომელიც ფლორიდის პროვინციულ ეკლესიას მეთაურობს, 2010 წლის ზაფხულიდან ამერიკული პრესის ფურცლებს არ ტოვებს. სწორედ გასული წლის ზაფხულში დაგეგმა მან ყურანის დაწვა, რაც 2001 წლის 11 სექტემბერში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისთვის უნდა მიეძღვნა. მაშინ მან საკუთარ განზრახვაზე საზოგადოების ზეწოლის გამო ხელი აიღო, თუმცა მოგვიანებით თავისი ჩანაფიქრი მაინც განახორციელა.